პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის აზრით, "თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი [საქართველო-უკრაინის] ურთიერთობებში, უკრაინის ხელისუფლებაა".
ეს განცხადება მან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის ინტერვიუზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მიხაილო ხარიშინმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა და საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ "როცა ელჩის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება მზადდებოდა, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან, გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა".
ირაკლი კობახიძემ კითხვას კვლავ პროპაგანდით უპასუხა და გაიმეორა, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მთავრობას "მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდა".
"ელჩი უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან გაიწვია 2022 წლის პირველ მარტს, ანუ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს და ამისთვის დასახელებული იქნა ორი საბაბი - ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესება და დღეს უკვე ოპოზიცია აცხადებს ღიად, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ იქნებოდა სწორი და მეორე საბაბი იყო, რომ ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის თანხმობით მებრძოლი მოხალისეები, ეს არ გავაკეთეთ, ამ ორი საბაბით და არა მიზეზით, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან.
აშკარაა, თუ რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან, რაზეც ღიად საუბრობდნენ მოგვიანებით უკრაინის მაღალჩინოსნები. თქვენ გახსოვთ, პოდოლიაკი, დანილოვი ღიად მოგვიწოდებდნენ ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და რა თქმა უნდა, აქ ძალიან ლოგიკურად იკითხება ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველ მარტს იქნა მიღებული ორი წლის წინ. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება", - თქვა კობახიძემ.